Welcome to Georgia: თურქოფობია კომენტარებით
ამ ქვეყანაში აქციები ცოტა არასდროს ყოფილა,თუმცა მას შემდეგ რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე ყველაზე ბევრჯერ მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება მომიწია.რაღაცნაირად ასე უცნაურად გადაიკვეთა საქართველოს ბოლო ათწლეულის ისტორია და ჩემი პირველი რუსთაველზე გასვლა. საუბედუროდ,არც არასდროს ქრება აგრესორი მეზობელი ჩემი ცხოვრებიდან,თინეიჯერობიდან სტუდენტობაშიც გამომყვა,ხან ჩემი ფეისბუქის გარეკანის ფოტოზეა,ხანაც გორიდან რამდენიმე კილომეტრში. ბოლო აქციაზეც,რომელზეც ვიყავი იმას ვამტკივებდით რომ მშვიდობა ომზე მეტია. ამ თემაზე მუშაობის დაწყებაც მაგ დღის დამსახურებაა,როცა ამ ფოტოს ვიღებდი გვერდით მდგომმა კაცმა ჩაილაპარაკა გაჰყვირიან ამ რუსეთი ოკუპანტიას თითქოს თურქები არანაკლები იყვნენო და გარშემო არსებული ჩილიმბარებისკენ პროვოკაციულად დაიწყო ყურება. მაშინ რეაქცია არ მქონია,რადგან ვიცოდი რუსული ნარატივის მსხვერპლი იყო ,საინფორმაციო ომის მოგება კი ყალბი წყაროების იდენტიფიცირებისა და მათთან არგუმენტირებული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.


ის განწყობები,რომელიც ქართულ სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ სივრცეში არსებობს კარგად ჩანს მედიის განვითარების ფონდის კვლევაში,რომლის მიხედვითაც მიგრანტების შემდეგ ქსენოფობიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქოფობიაზე მოდის. კონკრეტული ადამიანების ჯგუფი გამუდმებით აპელირებს იმაზე,რომ თურქეთი არის ექსპანსიის განმახორციელებელი ისტორიული მტერი და მათში სტრატეგიული პარტნიორის დანახვა სრული ილუზიაა. თურქოფობიული განცხადებებით გამოირჩევა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი დავით თარხან-მოურავი, ორგანიზაცია ,,ქართული იდეის'' წევრი გეგა ხვედელიძე, ტელეკომპანია ,,ობიექტივი'' , ,,ასავალ-დასავალი'', ,,საქართველო და მსოფლიო'' , ,,საქინფორმი''.ცალკეული რესპონდენტები ამკვიდრებენ აზრს, რომ რუსეთის მსგავსად, თურქეთიც ოკუპანტად უნდა მივიჩნიოთ, რა დროსაც აქცენტის გადატანა რუსეთის თანამედროვე ოკუპაციიდან ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ ოკუპაციაზე ხდება, რაც, თავის მხრივ, ისტორიული ტრავმის გაღვივებას ისახავს მიზნად. ხდება ერთმორწმუნე რუსეთის მუსულმანური თურქეთის საპირწონედ და საქართველოს უსაფრთხოების გარანტად წარმოჩენა .
მას შემდეგ, რაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, ჩემი ყოველი დღე ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებში ხეტიალით, ტროლებზე დაკვირვებით და მათ კედელზე გაზიარებული ინფორმაციების შესწავლით შემოიფარგლება. ის ტენდენციები, რომლებიც სოციალურ ქსელში გვხვდება ძირითადად ერთიანდება ისლამიზაციის, ისტორიული მტრობისა და ყარსის ხელშეკრულების გარშემო. თურქოფობიული განწყობების მქონე ადამიანები პოსტებისა თუ კომენტარების სახით საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა 3 წელში გასდის, რის შემდეგაც თურქეთი ბათუმს მიიერთებს.


იმის გასარკვევად თუ რამდენად მოქმედებს ტელევიზიებში, პრაიმტაიმში გაჟღერებული განცხადებები და სოციალური მედიის თითქოს უწყინარი გვერდები ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ქუჩის გამოკითხვის გაკეთება გადავწყვიტე.როგორც ჩანს, Welcome to Georgia-ს მიერ გავრცელებული ცნობილი ფოტო თუ არა მის მიღმა არსებული ნარატივი მაინც ყველა ასაკის ადამიანს სმენია.
იმ შიშების გასაქარწლებლად,რომელიც ყარსის ხელშეკრულების გარშემო არსებობს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს მივმართე. 1921 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე არსებული მითები 3 ნაწილად შეიძლება დავაჯგუფოთ.
1)ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება სათუო ხდება.
2)ბათუმში ნატოს ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა.
3)ყარსის ხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის უფლებას ითვალისწინებს.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ რეალობა ბევრად მარტივია უფრო მეტიც, არანაირი შიშის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული ხელშეკრულება უვადოა და კონკრეტული თარიღით არ იზღუდება,თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთავაზობთ ოფიციალური წარმომადგენლის ვრცელ ინტერვიუსაც.
ერთია რა განცხადებები ისმის მედია თუ სოციალურ სივრცეში, მაგრამ მეორე, როცა შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც ეს ისტორიები პირდაპირ უკავშირდება.
კატოს დედა ქართველია, მამა - თურქი.ინტერვიუს დროს მითხრა ორი გვარი მაქვს და ორი სამშობლოო, თუმცა ისიც ფაქტია რომ საქართველოში ჯერ სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ მისი გარშემომყოფების თურქოფობიული კომენტარების გამო მოუწია.
ქეთო ქელლეჯი-ხურციძე
სტუდენტი
აქ როგორც წესი დასკვნა იწერება.ბევრი ვიფიქრე როგორ შემეჯამებინა ჩემი მოგზაურობა დახურულ ჯგუფებში, თითქოსდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად შექმნილ Welcome to Georgia-ს კომენტარებში, ულტრანაციონალისტთა იუთუბ არხებსა თუ საჯარო განცხადებებში.და მივხვდი, რომ სხვა თუ არაფერი ამ მასალის სახით ისეთი რამის დალინკვა მაინც შემიძლია , რომლის მეშვეობითაც ბევრი თურქოფობიული კომენტარის ავტორს აღმოაჩნდება ,,მოკლე ფეხები''. რამდენიმე დღეში ატოცში მივდივარ,ისევ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვაპროტესტებთ და თუ პროვოკაციულად მომზირალი მოხუცი კაცი ისევ შემხვდება, ვილაპარაკებ(თ).ოღონდ იმდენს და ისე თავდაჯერებულად, როგორც არასდროს.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website